English / ქართული / русский /
თენგიზ ქავთარაძე
საკვებწარმოების თანამედროვე ეკონომიკური პრობლემები საქართველოს მეცხვარეობაში

ანოტაცია. ნაშრომში პირველადაა შესწავლილი მეცხვარეობის საკვებწარმოების თანამედროვე მდგომარეობა. გამოთქმულია მოსაზრება, რომ სოფლის სოციალური ინფრასტრუქტურის მოშლამ, კასპიისპირეთში 200 ათასი ჰექტარი ზამთრის საძოვრების დაკარგვამ გამოიწვია მეცხვარეობის დარგის დიდი დაქვეითება, რამაც გამოიწვია მთის სოფლებიდან მოსახლეობის მიგრაცია. მეცხვარეობის დარგის აღდგენისა და განვითარების თვალსაზრისით, აუცილებელია, პირველ რიგში, საზამთრო საძოვრების გამოყოფა და მოვლა-პატრონობა.

სტატიაში წამოყენებულია წინადადება, რომ ჩრდილო კავკასიის მეცხვარეობასთან ერთად, შეიქმნას ერთობლივი ფერმერული მეურნეობები, რომლებიც ზაფხულობით გამოიყენებდა ჩვენს საზაფხულო საძოვრებს, ზამთარში კი ჩვენი მეცხვარეები ისარგებლებდნენ ყიზლარის ზამთრის საძოვრებითა და ინფრასტრუქტურით.

საკვანძო სიტყვები: მეცხვარეობის საკვები ბაზა, საზაფხულო, გარდამავალი და ალპური საძოვრები, სენაჟი და სილოსი.

*** 

საზოგადოებრივი მეურნეობების დაშლამ, მიწების მასობრივმა პრივატიზებამ, სოფლის სოციალური ინფრასტრუქტურის მოშლამ, კასპიისპირეთში 200 ათასი ჰექტარი საზამთრო საძოვრების დაკარგვამ გამოიწვია მეცხვარეობის დარგის დიდი დაქვეითება, დაირღვა მთასა და ბარს შორის ეკონომიკური კავშირები. ამან გამოიწია მთის სოფლებიდან მოსახლეობის მიგრაცია. მაგალითად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მოსახლეობა დღეისათვის საგრძნიბლად შემცირებულია და 2010 წლის 1 იანვრის მდგომარეობით 108,8 ათას კაცს არ აღემატება, რაც საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 2,5 პროცენტს შეადგენს.

მთიან რეგიონებში მიგრაციის უარყოფითი მოვლენების აღმოფხვრის მნიშვნელოვან პირობად მიგვაჩნია ტრადიციული მეცხვარეობის განვითარება. ამჟამად მთის სოფლებში მოსახლეობის დამაგრების ძირითად გზად მიჩნეულია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლით მოსახლეობის დასაქმება. ეს სამუშაო ძალზე შრომატევადია. ადგილზე ერთ ძროხას საკვებად ერთ წელწადში სჭირდება 5700 კილოგრამი თივა. მთაში როცა თიბენ, იქვე აბულულებენ, ზამთრის პერიოდში კი გაყინულ თოვლზე ჩამოაქვთ დაცურებით. ერთ კაცს შეუძლია ერთი დღის განმავლობაში მთიდან დაცურებით მხოლოდ ერთი თივის (200 კგ) ჩამოტანა. ე.ი. მთლიანად თივის ჩამოტანას ერთი თვე სჭირდება, თივის დამზადება კი 2-3 თვეს გრძელდება და ხელით სრულდება. მოსახლეობას ურჩევნია მთელი წლის განმავლობაში თავიანთთვისა და ოჯახისთვის საჭირო პროდუქცია და ნივთები დაბლიდან აზიდონ ზურგით ან ცხენით მაღლა მთაში, ვიდრე ხელით მთიდან ჩამოათრიონ თივა, თან ელოდნენ თოვლის მოსვლას და პირუტყვის უსაკვებოდ დარჩენის საშიშროებას. ამიტომაც, მოსახლეობა ადგილზე ბევრი პირუტყვის ყოლას ერიდება. ვაჟა ფშაველას ცნობით, ხევსურ ოჯახს თუ ორი-სამი ძროხა და 20 თხა-ცხვარი მოეპოვება. ხევსური მდიდარია. ხევსურეთის ადგილობრივი პირობები მეცხვარეობის განვითარების მეტ შესაძლებლობას იძლეოდა. სამეურნეო ბაზებზე ოჯახს შეეძლო 100-150–მდე ცხვარი გამოეზამთრებინა. მეცხვარეობის დარგის აღდგენისა და განვითარების თვალსაზრისით, აუცილებელია, პირველ რიგში, საზამთრო საძოვრების გამოყოფა და მოვლა-პატრონობა. ამ საქმეში საჭიროა სახელმწიფო წესრიგის დამყარება. [5].

საქართველოს მთიან რაიონებში საზაფხულო საძოვრების საერთო ფართობი 1686,3 ათას ჰექტარს შეადგენს. აღმოსავლეთ საქართველოს საზამთრო და გარდამავალი საძოვრების საერთო ფართობი 427,4 ჰექტარია. აქედან, სამხრეთ მთიან|თის საზაფხულო საძოვრებით მოსარგებლე აღმოსავლეთის დაბლობის რაიონები 201,4 ათას ჰექტარს იყენებენ, მათ შორის დედოფლისწყაროს რაიონი _ 36,7, სიღნაღის _ 52,0, საგარეჯოს _ 26,0, გარდაბნის _ 43,8, თეთრიწყაროს _ 11,7, მარნეულის _ 22,3 და ბოლნისის _ 8,9 ათას ჰექტარს. როგორც ხედავთ, ზამთრის საძოვრები 3-3,5 -ჯერ ნაკლებია ზაფხულის საძოვრებზე. ამასთან ერთად, ზამთრის საძოვრები შედარებით დაბალ მოსავლიანია და უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოიყენება.

ზამთრის საძოვრების პირუტყვით გადატვირთვა და მისი არარაციონალურად გამოყენების შედეგად, ბალახის მოსავლიანობა ძალზე დაბალია. ბალახის საფარი წლითიწლობით უარესდება და საძოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გამოუყენებელი ხდება. საზაფხულო საძოვრების მესამედი და საზამთრო საძოვრების მეხუთედი ეროზირებულია, დიდი ნაწილი კი დაფარულია შხამიანი და სარეველა ბალახებით. ზოგიერთი საზაფხულო საძოვრის მასივი დიდი კავკასიონის ქედზე არ გამოიყენება მისასვლელი გზების არქონის გამო. საძოვრების არარაციონალურმა გამოყენებამ განაპირობა ბუნებრივი საძოვრებისა და სათიბების დაბალი პროდუქტიულობა, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს მეცხოველეობის პროდუქტიულობის ზრდას.

რესპუბლიკის სამეცნიერო დაწესებულებების მრავალწლიანმა გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ მარტო მრავალწლიანი ბალახების, განსაკუთრებით კი პარკოსნების შეთესვა ჰექტარ ფართობზე თივის მოსავლიანობას 25-30%--ით, საკვები ერთეულების გამოსავლიანობას შესაბამისად 30-35-ით, ხოლო პროტეინს - 50%-ით ადიდებს, იმ მდელოებთან შედარებით, რომელზეც ბალახის თესვას არ აწარმოებენ. სათანადო მასალების შესწავლით ირკვევა, რომ 1 ჰა ზამთრის საძოვრებზე შემოდგომით    შეტანით 67,2 ცენტნერი მწვანე მასა მიიღეს, ხოლო  შეტანით 51,6 ცენტნერი, ნაცვლად არსებული 30 ცენტნერისა. ცხვრის სადგომებში დაგროვილი 15 ტონა ნაკელის ჰექტარზე შეტანით საძოვრების საშუალო მოსავლიანობა (ხუთი წლის საშუალო მონაცემებით) 62-170%-ით იზრდება.

ბუნებრივ საძოვრებზე სარეველა ბალახების მოსასპობად წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა ქიმიური საშუალებები. კერძოდ, ფერდიციდებით ჩატარებულ ცდებში გამოყენებულ ბუტილი ეთერის პრეპარატის ორმაგი შესხურება ჰექტარზე ნარის რაოდენობას 86,5-დან 94%-მდე, დანარჩენ სარეველა ბალახებს კი 90%-მდე ამცირებს.

ცდებით დადგენილია, რომ დაჭაობებული საძოვრების დაშრობა და ძირეული გაუმჯობესების ღონისძიებების განხორციელება 100-200%-ით ადიდებს ბალახნარის მოსავალს, მორწყვა 100-150%-ით, ბუჩქნარისაგან გაწმენდა 30-60%-ით, სარეველებისაგან გაწმენდა კი 15-20%-ით. პირუტყვის პროდუქტიულობის ზრდა იმდენად საკვები ერთეულების დონით არ განისაზღვრება, რამდენადაც მონელებადი პროტეინის ოდენობით. პროტეინის ნაკლებობა კვების რაციონში როგორც ერთი ცენტნერი პროდუქციის წარმოებაზე, ისე ერთ სულ პირუტყვზე გაანგარიშებით საკვების გადახარჯვას იწვევს. ეს კი, თავის მხრივ, პროდუქციის თვითღირებულებას ზრდის და წარმოების ეფექტურობას ამცირებს.

მეცხვარეობის იმ ორგანიზაციული ფორმის პირობებში, რომელსაც ჩვენ ახლა ვიხილავთ, ცხვრის წლიურ მოხმარებულ საკვების სტრუქტურაში საძოვრული საკვები 71,1 პროცენტს შეადგენს, ხოლო დამატებითი საკვები 25,2 პროცენტს. ამიტომაც მეცხარეობის ინფრასტრუქტურაში საძოვრების გამიყენების საკითხი დიდად მნიშვნელოვანია. ძველად არსებობდა საძოვრების გამოყენების გონივრული ინფრასტრუქტურული სისტემები. ამჟამად, მათი სრული აღდგენა ძალზე ძნელია, რადგან მათ შესახებ მთხრობელი ცოტა ვინმე დარჩა, ხოლო წერილობითაც, ცოტა რამ მოგვეპოვება. ამიტომ, მათი გამოვლინების სიძნელის მიუხედავად, რაღაც უნდა ვიღონოთ. მართალია, რამდენადმე დახმარებას გაგვიწევდა საძიოვრების საიჯარო საარქივო მასალები, აგრეთვე სოფლის მეურნეობის ძველად წარმოებული გამოკვლევები, მაგრამ ეს მასალები ჩვენთვის სადღეისოდ მიუწვდენელია. ძველად არსებული საძოვრების გამოყენების სისტემებზე გავლენა უნდა მოეხდინა მეცხვარეობის მეურნეობების სიდიდეს. მსხვილი ფარების მიერ საძოვრების გამოყენების ინფრასტრუქტურული სისტემები შედარებით მეტი რაციონალური შინაარსით ხასიათდება. მაგრამ მცირე ფერმერულ მეურნეობას, მსხვილ მეურნეობებთან შედარებით, საძოვრების გამოყენების საქმეში უპირატესობა გააჩნია, მეტი მოქნილობა და საძოვრების მეტი გამოყენების უნარი. უნდა ვიგულისხმოთ, რომ საძოვრების გამოყენების სისტემების ჩამოყალიბებაზე მეცხვარეების გამოცდილებასა და უნარიან ხელმძღვანელობასაც უნდა ჰქონოდა გავლენა.

ცნობილია, რომ ჩვენი საზამთრო საძოვრები წარმოადგენს ნახევარ უდაბნოებს, ნახევრად ველისა და ველის მცენარეულ დაჯგუფებებს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყველა საძოვარი მეტ-ნაკლებად წარმოდგენილია ოთხი სახის საძოვრული მარაგით: შემოდგომით ძირითადად შემოდგომის ერთწლიანების სახით, ზამთარში _ ზაფხულის ვეგეტაციით ეგრეთწოდებული ხორაგი, მათ შორის აბზინდა მლაშობურებით, ადრე გაზაფხულზე _ უროსა და ველის მცენარეულობით. მცენარეულის აღნიშნულ მარაგს ჩვენი გონიერი მეცხვარე შესაბამისად იყენებდა და საზამთრო საძოვრების გამოყენების სისტემაც იმაში მდგომარეობდა, რომ მას ერთი და  იგივე ადგილი გამოეყენებინა სეზონური მცენარეული მარაგის მიხედვით:

1) შემოდგომაზე _ საშემოდგომო ერთწლიანების სიმწვანეს ცხვარი წიწკნიდა, ხოლო ზამთრის ხორაგს პირს არ დააკარებდა; 2) ზამთარში _ ხორაგი _ მათ შორის ყინვებით დავარგებული აბზინდა _ მლაშობურები უკვე დიდი კვებითი ღირებულებით გამოირჩეოდა; 3) ადრე გაზაფხულზე _ ეფემერებისა და ეფემეროიტების სიმწვანე; 4) ბოლოს, ურო და ველის მცენარეული.

 საძოვრების სიუხვისა და მაღალი მოსავლიანობის მიუხედავად, საზამთრო საძოვრების გამოყენება მტკიცედ იყო განსაზღვრული 150 დღით. მთიდან ჩამოსულ ცხვარს დეკემბრამდე საზამთრო საძოვარს არ აკარებდნენ. ჯერ ნაწვერალებს მოატარებდნენ, მერე ვენახებსა და ბაღებს, შემდეგ სოფლის სანახიროებს და მხოლოდ ნოემბრის ბოლოს საზამთრო საძოვრებზე ჩააყენებდნენ. ასევე, საზამთრო საძოვრებიდან აპრილში გამოჰყავდათ. ჯერ ახლო-მახლო გარდამავალ საძოვრებზე აიყვანდნენ: ელდერ-სამუხიდან _ შირაქსა და ივრის თავებზე, დონღუზდარიდან _ იოლმუღანლოს სოფლის საძოვრებზე, კარადუზიდან _ უდაბნოზე, სარვანიდან _ იალღუჯაზე და ა.შ. ამის შემდეგ ცხვარს მთისაკენ წაიყვანდნენ და თრიალეთის გარდამავალ საძოვრებზე შეაჩერებდნენ. ბოლოს, ივნისის პირველ რიცხვებში მთაში _ ჯავახეთ-მესხეთში – ავიდოდნენ. მაგრამ მეცხვარეები მთაში ერთბაშად არ შედიოდნენ და ცხვარს ჯერ საბაროებში ამყოფებდნენ, როდესაც მთა მზად გახდებოდა ცხვრის მისაღებად _ თოვლი ჩამოდნებოდა,  ბალახი საკმაოდ წამოიწევდა, ჰაერი გათბებოდა, მხოლოდ მაშინ ცხვარს მთის საძოვრებზე სუბალპურ და ალპურ ზონაში აიყვანდნენ, ხოლო ბატკანს დედებისაგან ასხლეტდნენ და მაღალ ალპურ ზონაში საბატკნეში მოათავსებდნენ, მთაში ცხვარს სექტემბრის ბოლომდე ამყოფებდნენ.

ახლა მთის საძოვრების გამოყენების შესახებ. ბარში თუ საძოვრების გამოყენება მათი სეზონური მცენარეულის მარაგით ისაზღვრებოდა, მთაში საძოვრების გამოყენება საძოვარზე მცენარეულის გაძოვება აღდგენის საფუძველზე ხდებოდა, რაც საძოვრის რამდენიმე ნაკვეთად გამოყოფით იწყებოდა. ამიტომ საძოვრების გამოყენება წარმოებდა, მართალია, მცირე რაოდენობის ნაკვეთებში, მაგრამ მაინც ნაკვეთმორიგეობის საფუძველზე მათი გაძოვება აღდგენის მორიგეობითი შემოვლით ორმოცი-სამოცი დღის შუალედებით ანუ ზაფხულის მანძილზე 2-3 როტაციით. საბატკნეს იგივე წესით იყენებდნენ.

მთის საძოვრების გონივრულად გამოყენების მიზნით. მეცხვარე მწყემსები ცდილობდნენ ჰქონოდათ ცხვრისათვის სამი სახის საძოვარი: 1) საბარო _ მთაში ასვლის პირველი პერიოდის მოკლევადიანი მოხმარების საძოვარი, ვიდრე მთის მუდმივი მოხმარების საძოვარი თოვლიანობის, სიცივისა და უბალახობის გამო ჯერ მისადგომი არ იყო. აქვე ჩამოჰყავდათ ბატკანი გაპარსვის შემდეგ. მეცხვარეები ხშირად საბაროებად მორიგეობის საფუძველზე მოსახლეობის სავარგულებს იყენებდნენ; 2) ძირითადი _ სუბალპებსა და ალპურ ზონაში გაადგილებული სახელმწიფოსაგან იჯარით აღებული საძოვრები. ამ საძოვრებს მეცხვარე იყენებდა ივნისს-სექტემბრის ვადებში. ამ საძოვრებზე, სადგომის ახლოს, გამოყოფილი ჰქონდათ აგრეთვე ეგრეთწოდებული სამი ყორუღი, რომელსაც მეცხვარე საღამოობით მოკლე ვადით იყენებდა ცხვრის ყველაზე ძვირფასი სულადობისათვის; 3) საბატკნე _ ესეც იჯარით აღებული მაღალალპური საძოვარია, რომელსაც მხოლოდ ბატკნისათვის იყენებდნენ მისი დედისაგან ასხლეტის შემდეგ, ვიდრე პარსვამდე, დაახლოებით 60-70 დღეს.

ძველად ძირითადი საძოვრები იჯარით ხანგრძლივად იყო მიმაგრებული მომხმარებლებზე, ამიტომ მომხმარებელი უვლიდა საძოვრებს, ცდილობდა შეენახა საძოვრის კეთილბალახის შემადგენლობა. მოსახლეობა ზრუნავდა საძოვრების წყლით მომარაგებაზე გამოჰყავდა რუებით წყალი, აკეთებდა გუბეებს, იცავდა წყაროებს, წმენდდა ჭაობებს და სხვა. ბინაზე აკეთებდა ქვიტკირის ბაკებს, ქოხებს, რაც, როგორც ვხედავთ, სადღეისოდ ჩვენთვის დიდი განძია. ერთი სიტყვით, მოიჯარე მომხმარებელი ყოველი საშუალებით ცდილობდა კარგად შეენახა და ზომიერად გამოეყენებინა მასზე გაპიროვნებული საძოვარი, რადგან იცოდა, რომ საძოვრის გადატვირთვა და მტაცებლური გამოყენება მალე გამოაცლიდა მას არსებობის საშუალებას.

ამჟამად საძოვრების გამოყენება უარესობისაკენ შეიცვალა გარდამავალი საძოვრების, ნაწვერალების ბაღ-ვენახების, სოფლის სანახიროებისა და სხვა საძოვრული სავარგულების გამოთიშვის შემდეგ ძირითადი საძოვრების გამოყენება ძალზე გაძნელდა. საძოვრები ძალზე გადაიტვირთა. საძოვრების განაწილება ზოგჯერ ისე ხდებოდა, რომ მომხმარებელთა უმრავლესობის საძოვრების მრავალნაკვეთიანობა აღმოჩნდა დაშორებული ასი, ორასი კილომეტრით და მეტი მანძილით ერთიმეორისაგან. მაგალითად, წითელწყაროს რაიონის არბოშიკის კოლმეურნეობას საზაფხულო საძოვარი ემაგრებოდა ნიალაზე (ასპინძია რაიონი), შავნაბადა-თავკვეთილასთან (ბორჯომის რაიონი), ხევსურეთსა და ჯავის რაიონში და სხვა. საძოვრების უმრავლესობა განაწილებული იყო ზონალობის გათვალისწინების გარეშე. დღეს ჩვენ არ ვიცით საქართველოს მეცხვარეობის მიერ საძოვრების გამოყენების მდგომარეობა. კერძოდ, ცხვრის ფარებს მიმაგრებული აქვთ თუ არა საბატკნე ადგილები, საბარო ან გარდამავალი საძოვრები. პრივატიზებული მიწებიდან, განსაკუთრებით უცხოელებზე გაყიდული მიწების გამო, მეცხვარეები იძულებული არიან ცხვარი შუალედური საძოვრების გარეშე ბარიდან პირდაპირ მთაში აიყვანონ და მთიდან ყოველგვარი შუალედური საძოვრების გარეშე პირდაპირ საზამთრო საძოვრებზე ჩააყენონ. ყველა ეს გარემოება ძალზე ვნებს მეცხვარეობას, იწვევს მიმაგრებული საძოვრების გაუმჯობესებისადმი მომხმარებლის უყურადღებობას. იგი აღარ ზრუნავს საძოვრების მოვლაზე, წყლით მომარაგებაზე, მით უმეტეს საძოვრების გაუმჯობესებაზე და საძოვრების მტაცებლურ ექსპლოატაციას ეწევა. ასეთ პირობებში ძნელია პირუტყვის საძოვრების გაუმჯობესების გზების განხორციელება. ახალ ვითარებაში, როგორც დავინახეთ, გამოუსადეგარია ძველად არსებული საძოვრების გამოყენების ინფრასტრუქტურული სისტემები. ამიტომ საჩქაროდ უნდა დამუშავდეს და დაინერგოს საძოვრების გაუმჯობესების ახალი რაციონალური ინფრასტრუქტურული პროექტები.

საქართველოდან ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებზე ყიზლარის ზამთრის საძოვრების დიდი ოდენობით გადაცემამ გამოწვია ამ რესპუბლიკებში მეცხვარეობის დარგის დიდი განვითარება და ზაფხულის საძოვრების მწვავე უკმარისობა.  გახშირდა მათ მიერ ჩვენი მთის სოფლების საძოვრების ათვისების მცდელობა. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, შემოსავლების მიღების მიზნით, ჩრდილო კავკასიელებზე თავისუფალი ზაფხულის საძოვრების გაქირავება. მაგალითად, ყაზბეგის რაიონის თრუსოს ხეობაში საზაფხულო საძოვრებზე იალაღობდა 55000 სული ცხვარი. დღეს ეს საძოვრები თავისუფალია.

სახალხო სამეურნეო დიპლომატიის თვალსაზრისით, ძალზე საინტერესოა ჩეჩნებისა და თუში მეცხვარეების ისტორიული ურთიერთანამშრომლობა. თუშები და ჩეჩნები არამც თუ სარგებლობდნენ ერთიმეორის საძოვრებით, არამედ ამხანაგობასაც კი ქმნიდნენ და ერთად ყიზლარის ზამთრის საძოვრებისაკენ მიუყვებოდნენ გზას. ზაფხულში თუშეთის საზაფხულო საძოვრებზე თუშები მწყემსავდნენ ჩეჩნების ცხვარს, ცხვრის მოვლაში გასამრჯელოდ ცხვარს წველიდნენ და მატყლს პარასავდნენ. საკუთრივ თუშებს ყონაღობა (მეგობრობა) ჰქონდათ ჩეჩნებთან, ლეკებთან, დიდოელებთან, აზერბაიჯანლებთან, რომლებისგანაც ზამთრის საძოვრებს ქირაობდნენ. ამან განაპირობა ისიც, რომ თუშები ვაჟებს, ენის სწავლების მიზნით, ხშირად ერთი წლითაც კი აბარებდნენ თავის აზერბაიჯანელ ყონაღებს. ადრე თითქმის ყველა თუშურ ოჯახში იყო ერთი აზერბაიჯანული ენის მცოდნე, მეენე, რომელიც მეზობელ ხალხებთან ურთიერთობის საკითხებს აგვარებდა. 

დასკვნა 

მეცხვარეობა მომგებიანი დარგია, საჭიროა მისი ინფრასტრუქტურის განვითარება_სრულყოფა, მსოფლიო სტანდარტებთან მიახლოება და კონკურენტუნარიანობის ამაღლება. ამ თვალსაზრისით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ჩრდილო კავკასიის მეცხვარეობასთან ერთად შეიქმნას ერთობლივი ფერმერული მეცხვარეობა, რომელიც ზაფხულობით გამოიყენებდა ჩვენს საზაფხულო საძოვრებს, ზამთარში კი ჩვენი მეცხვარეები გამოიყენებდნენ ყიზლარის ზამთრის საძო;ვრებსა და ინფრასტრუქტურას.

აღმოსავლეთ საქართველოს საზამთრო საძოვრების უმეტეს ნაწილზე, ახლო წარსულში, დიდი უწყლობა აღინიშნებოდა, ეს გარემოება ძალზე მძიმე პირობებს უქმნიდა ამ საძოვრებზე დაზამთრებულ ცხვარსა და საერთოდ მეცხოველეობას. მით უმეტეს, დოლის პერიოდში. ასეთივე წყლის უკმარისობა აღინიშნება ზაფხულის მთის საძვრებზეც. ზაფხულის მეორე ნახევარში შრება წყლები და გვალვიანობა მყარდება კავკასიონის უმეტეს მაღალმთიან საძოვრებზე.

ამიტომ იყო, რომ მეცხვარეობის განვითარების პრობლემათა შორის, თავის დროზე, რესპუბლიკაში ბუნებრივი საძოვრების გაწყლოვანების საკითხმა ჯეროვანი ყურადღება მიიქცია. აღმოსავლეთ საქართველოში საზამთრო საძოვრების გაწყლოვანება 1955 წელს დაიწყო და ძირითადად 1965 წელს დამთავრდა. ამ დიდ ღონისძიებას ატარებდა და გაწყლოვანების ფართო ქსელს ექსპლოატაციას უწევდა საქართველოს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამინისტროს საძოვრების გაწყლოვანების  საექსპლოატაციო სამმართველოს კოლექტივი.

რესპუბლიკის შიგნით მოეწყო საზამთრო საძოვრების გაწყლოვანების ხუთი სისტემა: იალღუჯის, უდაბნოს, ჩათმის, ყარღო-ნატბეურა-ტარიბანისა და პატარა შირაქი-ელდარის გაწყლოვანების სისტემა.

საზამთრო საძოვრების გაწყლოვნების ხუთი სისტემის ფარგლებში აშენდა ხუთი მაღალწნევიანი წყალსატუმბი სადგური. ეს სადგურები საზამთრო სადგურებს აწვდიდნენ წამში 85,2 ლიტრს ანუ საათში 306,4 კუბურ მეტრ წყალს. გარდა ამისა, საზამთრო საძოვრების წყლით მომარაგების მიზნით, მოწყობილი იყო წყლის თვითდინების წყალსადენები, რომლებიც საზამთრო საძოვრებს აწვდიდა წამში 15,4 ლიტრს, ანუ საათში 55,6 კუბურ მეტრ წყალს. ე.ი. რესპუბლიკის შიგნით საზამთრო საძოვრების გაწყლოვანებისათვის წყლის საერთო დებეტი შეადგენდა წამში 100 ლიტრს, ანუ საათში 362 კუბურ მეტრს. ამ წყლით 682865 მეტრის წყალსადენის ქსელის საშუალებით გაწყლოვანდა 197995 ჰექტარი საზამთრო საძოვრები.

რესპუბლიკის შიგნით საზამთრო საძოვრებზე წყლის განაწილების რეგულირების მიზნით, მოწყობილი იყო სამარაგო წყლის 4700 კუბური მეტრი ტევადობის 21 დიდი რეზერვუარი. გაწყლოვანების ყველა სისტემის ფარგლებში მოწყობილი იყო 196 წყალსასმური პუნქტი, 196 მცირე (10 კუბური მეტრის ტევადობის თითო) წყლის გამანაწილებელი რეზერვუარი, პირუტყვის 196 წყალსასმური ნავით, შესაბამისი წყალსადენის მოწყობილობით. ამიტომ, სამარაგო წყლისა და გამანაწილებელი წყალსატევების საერთო ტევადობა რესპუბლიკის შიგნით საზამთრო საძოვრებზე 6660 კუბურ მეტრს შეადგენდა. გარდა აღნიშნულისა, საზამთრო საძოვრების გაწყლოვანების სისტემაში აიგო პირუტყვის გასაბანი 89 აბაზანა, 69 სათბობ სადეზინფექციო მოწყობილობა, 28 სადარაჯო სახლი 10944 კუბური მეტრის საცხოვრებელი მოცულობით, 48 ცხენის 24 თავლა და ა.შ.

ამჟამად აღმოსავლეთ საქართველოს ბუნებრივი საზამთრო საძოვრების გაწყლოვანების სისტემა, მოუვლელობის გამო, გამოსულია მწყობრიდან, მეცხვარეობა დიდ ზარალს განიცდის. სოფლის მეურნეობის განვითარების ტენდენციები საქართველოში, აგარარული რეფორმების გატარების პირობებში, დაუყოვნებლივ მოითხოვს სახელმწიფოს მიერ ზამთრის საძოვრების გაწყლოვანების, ამ ძვირფასი წამოწყების, დროულად აღდგენა-ფუნქციონირებას.

მეცხოველეობის საკვების დამზადებას და შენახვას ყოველთვის თან ახლავს საკვები მასის ხარისხობრივი და რაოდენობრივი დანაკარგები. მაგრამ, დღეისათვის საკვების დამზადებისა და შენახვის არსებული თანამედროვე ტექნოლოგიები უკვე ამ დანაკარგების აღმოფხვრისაკენ არის მიმართული. ერთ-ერთი ამ კატეგორიის ტექნოლოგიას მიეკუთვნება `შეფუთული სენაჟის“ წარმოების ტექნოლოგიაც. ამ ტექნოლოგიის დროს საერთო დანაკარგების რაოდენობა შეადგენს 10%-ს, მაშინ როდესაც სხვა ტექნოლოგიებით საკვების დამზადების და შენახვის დროს დანაკარგების რაოდენობა 30-50%-ია. `შეფუთული სენაჟის“ დამზადების დროს აღარ არის საჭირო ორმოები, ტრანშეები, თივის ფარდულები, საკვები კულტურების დამატებითი ფართობები, იზოგება საწვავი, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკური საშუალებები, ადამიანური რესურსები.

სამწუხაროდ, ჩვენს მეცხვარეობაში იგნორირებული იყო და არის სენაჟისა და სილოსის დამზადება. 

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. აბესაძე რ. ეკონომიკური განვითარების ენერგოეკოლოგიური ფაქტორები და ენერგეტიკული ბაზრის ფორმირების მაკროეკონომიკური მიდგომები საქართველოში. თბილისი `მეცნიერება”, 2004
  2. ბეღელაური გ. მეცხვარეობის განვითარების პერსპექტივა დავით გარეჯში. რეცენზ. ელექტრ. სამეცნ. ჟურნალი, 2010, # 25
  3. ბურდული ვ. სოციალური და ეკონომიკური განვითარების კოორდინაცია რეგიონალურ და ლოკალურ დონეზე. `მერიდიანი”, თბილისი, 2006
  4. ვაჟა-ფშაველა ხევსურები, თხზ. სრული კრებული ტ. ჳხ თბილისი, 1964.
  5. გამყრელიძე ბ. ცენტრალური კავკასიის მთიელთა ალპური მესაქონლეობა. `მეცნიერება” 1982
  6. კუნჭულია თ. საქართველოს სოფლის მეურნეობის საბაზრო ეკონომიკაზე გადაყვანის პრობლემები. `მეცნიერება”, თბილისი, 2003
  7. საქართველოს კანონი (საქართველოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ) საქართველოს საკანონმდებლო მაცნე # 42, 2005
  8. ქავთარაძე თ. აგრარული რეფორმა საბაზრო ეკონომიკის პირობებში და საქართველო. `მეცნიერება”, თბილისი, 2003
  9. ქუმსიშვილი ვ. მომთაბარე მეცხვარეობის ტექნოლოგია ინტენსიფიკაციის საფუძველზე `განათლება”, თბილისი, 1983
  10. ქუმსიშვილი ვ. მატყლმცოდნეობა. `ცოდნა”. თბილისი, 1961
  11. ქათამაძე დ. ცოტაძე მ. მეცხვარის ცნობარი, `საბჭოთა საქართველო”, თბილისი, 1974
  12. ყამარაული ს. საქართველოს სსრ მეცხვარეობის ინტენსიფიკაციის საკითხები. `საბჭოთა საქართველო”, თბილისი, 1979
  13. წიკლაური ქ. მეცხოველეობა და ბიზნესი საქართველოს მაღალმთიანეთში. თბილისი, 2002
  14. ჯანიაშვილი ი. მეცხოველეობის განვითარების ეკონომიკური პრობლემები საქართველოში. `საბჭოთა საქართველო”, თბილისი, 1974